საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების ანგარიში (SESA)

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან თანამშრომლობისა და კონსულტაციების შედეგად შემუშავდა საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების (SESA) ანგარიში.

ანგარიშის მომზადების ფარგლებში განხორციელდა ელექტროენერგეტიკის სექტორის შეფასება და შემუშავდა მისი განვითარების ოთხი სავარაუდო სცენარი, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ელექტროენერგეტიკის სფეროს უკეთეს ანალიზსა და პროგნოზირებას. არსებული სიტუაციისა და სავარაუდო სცენარების შეფასების საფუძველზე კი წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები.

ანგარიშში წარმოდგენილია ოთხი ძირითადი სცენარი:

  1. პირველი სცენარი თანხვედრაშია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ „გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა“-სთან;
  2. მეორე სცენარი, რომლის მიხედვითაც არ ხდება დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა (ენერგეტიკის სექტორი ვითარდება მოდინების ჰესების, ქარის და მზის ელექტროსადგურების ხარჯზე);
  3. მესამე სცენარი, სადაც ხდება დიდი მარეგულირებელი ჰესების და ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მშენებლობა და სისტემის გაზრდილი მოქნილობის ხარჯზე ხდება მაქსიმალური განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია სისტემაში;
  4. მეოთხე სცენარი, რომელიც ემთხვევა „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის“ (NECP) მთავარ სცენარს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმისგან, რომელიც ენერგეტიკის დარგის განვითარების ხედვებსა და პერსპექტივებს აერთიანებს ერთ სამოქმედო გეგმაში და განსაზღვრავს პოლიტიკას, რომელიც უნდა განხორციელდეს ყველა სათანადო მიმართულებით, SESA-ში მოცემულია მხოლოდ ელექტროენერგეტიკული სექტორის სავარაუდო განვითარების სცენარები, მათი ანალიზი და ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილი რეკომენდაციები.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების ანგარიში არ წარმოადგენს პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრატეგიულ დოკუმენტს და არ განსაზღვრავს კონკრეტულ პროექტებსა და ღონისძიებებს.

ამავდროულად, ანგარიშში მოცემული დებულებების მიუხედავად, ის არ წარმოადგენს სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის, ან გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასებას ინდივიდუალური პროექტებისთვის. სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების ანგარიშის ძირითადი მიზანია დამატებით, რეკომენდაციის სახით, მხარი დაუჭიროს სგშ და გზშ პროცედურების განხორციელებას, შესაბამისი სტრუქტურისა და ინფორმაციის წარმოდგენის მეშვეობით.

მიუხედავად ამისა, ანგარიშის შექმნის ეტაპზე საერთაშორისო გარემოსდაცვითი ექსპერტების ჩართულობით, საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით მოხდა საქართველოს „სტრატეგიული გარემოსდაცვითი კოდექსით“ დაყენებული, გარემოსდაცვითი და ადამიანზე ზემოქმედებისგან დაცვითი პირობების გათვალისწინება, შესაბამისად დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციები უკვე შესაბამისობაშია საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან.

ანგარიში წარმოადგენს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების ოთხი ძირითადი სცენარის შეფასებას. აგრეთვე, განახლებადი ენერგიის წყაროების ზეგავლენის შეფასებას გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ჰაერის ხარისხსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე.

ანგარიშში არ არის მოცემული კონკრეტული პროექტები და მათი ზეგავლენა კონკრეტულ რეგიონებზე. დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და აკონკრეტებს, რომ უფრო ზუსტი ზეგავლენის შეფასება დამოკიდებულია კონკრეტულ პროექტზე და უნდა განისაზღვროს მისი გზშ-ის ეტაპზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზეგავლენა შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული პროექტისა და კონკრეტული არეალის მიხედვით, ამიტომ ანგარიში ითვალისწინებს ზოგად შეფასებას საქართველოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ და გარემოსდაცვითი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.