2018-06-28
ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია
დღეს, 28 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ქ. თბილისში ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა გახსნა. კონფერენციის მიზანს სტუდენტებისთვის საქართველოს ენერგეტიკის სექტორისა და მისი კარიერული პერსპექტივების გაცნობა წარმოადგენდა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოპერატიული დაგეგმვის და ხელშეკრულებების რეგისტრაციის სამსახურის უფროსი მიხეილ თავბერიძე, რომელმაც სტუდენტებს სსე-ის საქმიანობა და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში კომპანიის როლი გააცნო. ასევე ესუბრა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის შესახებ, სადაც ელექტროენერგეტიკის მიმართულებით ახალგაზრდა ინჟინრები სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს გადიან, წარმატებული კურსდამთავრებულები კი სსე-ის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში აგრძელებენ საქმიანობას.