2014-12-05
სსე-ის დელეგაციის ვიზიტი ქ. დუბლინში
13-17 ნოემბერს ქ. დუბლინში სსე-ის დელეგაციამ გამართა შეხვედრები ირლანდიურ ენერგეტიკულ კომპანიებთან EirGrid, E-NET, ESB International.
EirGrid-თან შეხვედრისას განხილულ იქნა ირლანდიის გენერაციის, გადამცემი ქსელის და 10 წლიანი გეგმის, სიმძლავრის რეზერვების, ქარის გენერაციის ინტეგრაციის, გენერაციის დაგეგმვის, მუდმივი დენის კაბელის მუშაობის ელექტროენერგიის ხარისხის უზრუნველყოფის და ენერგიით ვაჭრობის საკითხები.
კომპანია E-NET-თან შეხვედრის ფარგლებში მოხდა ირლანდიაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების მოწყობის, ექსპლოატაციის, გაქირავებასთან დაკავშირებული კომერციული და ტექნიკური ასპექტების გამოცდილების გაზიარება. ESB International-თან შეხვედრის დროს განხილულ იქნა მათ კომპანიაში ძირითადი საშუალებების მართვის და მომსახურების პროგრამის ფუნქციონალი და დეტალები, პრაქტიკული ასპექტები, დანერგვის და ექსპლოატაციის თავისებურებები.
ირლანდიის ენერგოსისტემას უკვე გავლილი აქვს ის პროცესები, რომლის გავლა მოუწევს საქართველოს ენერგოსისტემას. ამასთან, ირლანდიას გააჩნია დაახლოებით იგივე ფართობი, რაც საქართველოს; ირლანდიის ენერგოსისტემაშიც არსებობს მუდმივი დენის კონვერტორები, როგორც საქართველოს ენერგოსისტემაში; ირლანდიას არ აქვს სინქრონული კავშირი ევროპის კონტინენტურ ნაწილთან, ესეც მსგავსებაა საქართველოსთან, როდესაც ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემას უწევს მუშაობა რუსეთთან დამაკავშირებელი, გამორთული კავშირის ხაზის პირობებში; ირლანდიის ენერგოსისტემის კომპანიებში გამოიყენება პრაქტიკულად იგივე კომპიუტერული პროგრამები, რაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“. ამიტომ ამ კომპანიებისგან მიღებული გამოცდილება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სპეციალისტებს გაუადვილებს არსებულ პროგრამებთან მუშაობას, ახალი პროგრამების დანერგვას და ააცილებს/შეუმსუბუქებს სიძნელეებს იმ გამოწვევების დაძლევისას, რომელთა გადალახვაც უკვე მოახერხა ირლანდიის ენერგოსისტემამ.