„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულები ახალციხის ქვესადგურს ესტუმრნენ
10 აგვისტოს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინიციატივით, სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად კომპანიაში დასაქმებული სტუდენტები ახალციხის ქვესადგურს ესტუმრნენ. კურსდამთავრებულებმა მოინახულეს ახალციხის 500/400/220 კვ.იანი ქვესადგური და მუდმივი დენის ჩანართი, რომლის ანალოგიც ამიერკავკასიაში არ არსებობს. გასვლითი ღონისძიება შეიცავდა კულტურულ კომპონენტსაც, – ახალგაზრდები რაბათის ისტორიული კომპლექსს და მუზეუმს ესტუმრნენ. გასვლის მიზანს ურთიერთობების გაღრმავება, სოციალიზაცია და წახალისება წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“–ში სტაჟირების პროგრამა 2005 წლიდან მიმდინარეობს. პროცესი აქტიურ ფაზაში 2008 წელს შევიდა. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად სტაჟირებას 20 სტუდენტი გადის, წარჩინებული სტუდენტები კი კომპანიაში საქმდებიან. ამ წლების განმავლობაში, კომპანიაში დასაქმებული სტუდენტების რაოდენობა 68-ს შეადგენს.
სექტემბერში კომპანია გეგმავს სტაჟირების პროგრამის მონაწილეთა ახალი ნაკადის მიღებას.უკვე დასრულებულია სწავლა–გადამზადების ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები. სტუდენტების განკარგულებაში იქნება ღია გამანაწილებელი მოწყობილობა და ლაბორატორია, სადაც მათ პრაქტიკული სამუშაოების განხორციელების საშუალება მიეცემათ.
სამომავლოდ, კომპანიაში შეიქმნება სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულთა ასოციაცია, სადაც მათ შეეძლებათ იდეების გაცვლა, უკუკავშირის განხორციელება განვითარება და ღონისძიებების მოწყობა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ზრუნავს თავის კურსდამთავრებულებზე და ხელს უწყობს ახალი, მოტივირებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების დამკვიდრებას ენერგეტიკის სფეროში.