2016-10-14
რობერ შუმანის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეების ვიზიტი სსე-ში
13 ოქტომბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის (პროგრამა ა-Z ) უფროსკლასელებს უმასპინძლა.
მოსწავლეები თავდაპირველად სსე-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ აქვს და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგადად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეებმა სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონი მოინახულეს. პოლიგონის სამუშაო გარემო მაქსიმალურად არის მიახლოვებული იმ რეალურ გარემოსთან, სადაც ქვესადგურის პერსონალს უწევს მუშაობა. პოლიგონზე მოსწავლეები გაეცვნენ ქვესადგურის შემადგენელი ნაწილების: ძალოვანი ტრანსფორმატორების, ძაბვისა და დენის ტრანსფორმატორის, ამომრთველების და სხვ. მუშაობის სპეციფიკას. ასევე, დამცავი საშუალებების ლაბორატორიაში მონაწილეობა მიიღეს ძაბვის მაჩვენებლების შემოწმებაში.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ენერგეტიკული მდგრადობა განაპირობებს, ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება სსე-თვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ენერგეტიკის დარგისა და კომპანიის ახალგაზრდა თაობაში პოპულარიზაციის მიზნით, აღნიშნული სახის შეხვედრები “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში მომავალშიც გაგრძელდება.



