2016-02-19
საკონსულტაციო შეხვედრები სსეში
2016 წლის 18 თებერვალს, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში “საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის” გამოწვევების, მათი გადალახვის გზებისა და სამომავლო განახლებების შესახებ საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრას სსე-ის სპეციალისტებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ელექტროენერგიისა და წყლის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები და პორტუგალიური სისტემის ტექნიკური ოპერატორის REN კონსულტანტები.
შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა ქარის ენერგიის ინტეგრაციის, გენერაციისა და მოხმარების საკითხები, ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზი, გენერაციის დაგეგმვა პროგრამით Voloragua და ათწლიანი გეგმისთვის საწყისი ინფორმაციის მომზადება. გარდა ამისა, შეხვედრაზე ისაუბრეს სიმძლავრის რეზერვების დაზუსტებული გაანგარიშების აუცილებლობასა და ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრისთვის საჭირო ინფრასტრუქტული პროექტების გათვალისწინებაზე ათწლიან გეგმაში.
კომპანია REN-ის კონსულტანტების მხრიდან გაზიარებული იქნა თავიანთი გამოცდილება ქარის ენერგიის ინტეგრაციის თემაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს ენერგოსისტემის არსებული ტოპოლოგიის გამო, საკითხი დეტალურ ანალიზსა და ქარის სადგურებისადმი სპეციალური ტექნიკური მოთხოვნების შემუშავებას საჭიროებს.
შემდეგი საკონსულტაციო შეხვედრა „საქართველოს საქართველოს ელექტროსისტემა“-ში მარტის შუა რიცხვებში გაიმართება.
