2014-11-13
ქვესადგურში “რუსთავი 220″ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ ქვესადგურში „რუსთავი-220/110/10“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. რეაბილიტაციის პროექტი ქვესადგურში 2010 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. 220/110 კვ-ის მხარეს სრულად რეაბილიტირდა პირველადი მოწყობილობები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორადი კომუტაციის, დაცვისა და მართვის პანელების სრული რეაბილიტაცია. უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი კონტეინერების მონტაჟი, სადაც მთლიანად განთავსდება უახლესი ტექნოლოგიის 10 კვ-ის მოწყობილობები და დაცვის სისტემები. რეაბილიტაციის პროექტი 2015 წლისთვის დასრულდება, რის შემდეგაც ქვესადგური ციფრული მართვის სისტემაზე გადავა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვემო ქართლისა და ნაწილობრივ კახეთის რეგიონის ელექტრომომარაგებას, მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიულ სიტუაციებს და მათი აღმოფხვრის დროს.
ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 425 მვა-ს შეადგენს. ქვესადგურით მარაგდება ქ. რუსთავი, მასთან დაკავშირებული სამრეწველო ობიექტები – ფერო-შენადნობის ქარხანა, აზოტის ქარხანა, მეტალურგიული ქარხანა და ა.შ. ამასთან ერთად ქვესადგურიდან გამომავალი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზით – „მანავი“ ელექტროენერგია მიეწოდება ქვესადგურ „გურჯაანი-220“-ს, რომლიდანაც ხორციელდება კახეთის რეგიონის ენერგომომარაგება.