2015-08-27
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციის ვიზიტი ნორვეგიაში



2015 წლის 17-21 აგვისტოს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) დელეგაცია საქმიანი ვიზიტით ნორვეგიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ნორვეგიის ენერგოსექტორის სხვადასხვა მონაწილეებთან, კერძოდ, კომპანიებთან „Statnett+”, „StatCraft“, NVE, „Nord Pool Sport“.
აღსანიშნავია ნორვეგიის გადამცემი სისტემის ოპერატორ “Statnett“-თან გამართული შეხვედრა, სადაც მოხდა ინფორმაციის გაცვლა სისტემის მართვის გამოცდილების, თავისებურებებისა და არსებულ გამოწვევებთან გამკლავების საშუალებების შესახებ. მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, ვინაიდან მიღებული ცოდნის გამოყენებით შესაძლებელია საქართველოს ენერგოსისტემის მართვის პროცესის კიდევ უფრო მეტად დახვეწა, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობას.
ნორვეგიელ კოლეგებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო შემდეგი გარემოებების გათვალისწინებითაც: ნორვეგიაში განვითარებულია ჰიდროენერგეტიკა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის გენერაციის 95%-ზე მეტს. მათი გამოცდილება ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის, რომელიც თავისი მოხმარების 75%-ს ჰიდროსადგურებზე გამომუშავებული ენერგიით აკმაყოფილებს და ამავე დროს მნიშვნელოვანი ჰიდრო პროექტების განხორციელების პროცესშია. გარდა ამისა, ნორვეგიას გააჩნია სინქრონული და ასინქრონული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან, რომელთაგანაც ზოგს გააჩნია, როგორც დიდი თბოსადგურები, ასევე ატომური ელექტროსადგურებიც. ეს ვითარება ასევე შეესაბამება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, როცა მის მეზობელ აზერბაიჯანში ენერგიის ძირითადი გამომუშავება ხდება თბოსადგურებზე, ხოლო მეზობელ სომხეთს გააჩნია ატომური სადგური. ნორვეგიის სისტემის ოპერატორის გამოცდილება საქართველოსთვის ძალიან საინტერესოა, კავკასიაში რეგიონალური ბაზრის განვითარებისა და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
სსე-ის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ნორვეგიის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებთანაც, რომლებმაც გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება მომსახურების ტარიფებისა და ტარიფებში ინვესტიციების გათვალისწინების სფეროში.
მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სახელმწიფო კომპანია „StatCraft“-თან, რომელიც ნორვეგიის შიდა გენერაციის სიმძლავრის 35%-მდე მფლობელია. იგი ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ტრეიდერ კომპანიას ევროპის მასშტაბით. გარდა ამისა, გააჩნია პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში. ”ელექტროსისტემის” დელეგაცია შეეცადა, კომპანია დაეინტერესებინა საქართველოს ბაზრითაც. საქართველოს ბაზარზე მისი შემოსვლა კი პოზიტიურად აისახება კონკურენტულ გარემოზე.
აღსანიშნავია შეხვედრა ნორვეგიაში რეგისტრირებულ, ბაზრის ოპერატორ კომპანია „Nord Pool Sport“-თან. ეს კომპანია ასრულებს ბაზრის ოპერატორის როლს, როგორც სკანდინავიის, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ასევე მისი მონაწილეობით ხდება ე.წ. დღით ადრე ვაჭრობის წარმართვა, როგორც ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ასევე პირინეის ნახევარკუნძულზე. მათთან შეხვედრა საინტერესო იყო რეგიონალური ბაზრის შექმნის კუთხითაც, რაშიც სსე-ს, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორს, ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკისრება.