2014-12-25
შეხვედრა თბილისის რეგიონალური ქსელის თანამშრომლებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველი გუნდი, კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის – სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, კომპანიის რეგიონალურ ქსელებს ეწვია.
პირველი შეხვედრა ქალაქ თბილისის რეგიონალურ ქსელში შედგა. შეხვედრაზე, 2014 წლის განმავლობაში, კომპანიაში და რეგიონალურ ქსელში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს. პრეზენტაციები გააკეთეს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ – ბატონმა სულხან ზუმბურიძემ და თბილისის რეგიონალური ქსელის მენეჯერმა – ბატონმა დავით ლაგრაძემ.
თბილისის რეგიონალური ქსელის მენეჯერმა, ბატონმა დავით ლაგრაძემ, საკუთარ პრეზენტაციაში, წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. 2014 წლის განმავლობაში, ქვესადგურში „დიდუბე 220“, კაპიტალურად შეკეთდა 5 ერთეული ავტოტრანსფორმატორი, დამონტაჟდა 2 ერთეული საკუთარი მოხმარების მშრალი ტრანსფორმატორი. ქვესადგურში „ლისი-220“ 110-220 კვ.-ის მხარეს განხორციელდა გამთიშველების რეგულირების და ღია გამანაწილებელ მოწყობილობაში საკაბელო არხების გადახურვის მოწყობის სამუშაოები, 110 კვ.ის მხარეს მოხდა ძველი საკაბელო არხების დემონტაჟი და ზედა გაგრილების ძრავის შეცვლა. ქვესადგურში „გლდანი-220“ დამონტაჟდა: 220-110 კვ.-ის ახალი სახაზო ძაბვის ტრანსფორმატორები და მცლელები. ქვესადგურის ახალ, ციფრულ დაცვებსა და კომპიუტერულ მართვაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ძველი საკაბელო არხები შეიცვალა ახლით. ქვესადგურში „ნავთლუღი 220” რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ტ–1–ის და ტ–3–ის 6 კვ–ის ფრთას, შეიცვალა ატ–1–ის 110 კვ.იანი ,,ა“ ფაზის შემყვანი, მოეწყო ახალი, 6 კვ.იანი საკაბელო არხები, განხორციელდა ვიბრო-ჩამქრობების დაყენება. გარდა ამისა, ელექტროგადამცემ ხაზზე „ალგეთი“ დამონტაჟდა მუხამრიდი გვარლი, ე.გ.ხ-ზე „დარიალი“ განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული, 34-ე ანძის აღდგენითი სამუშაოები.
მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა სულხან ზუმბურიძემ არსებული ქსელის რეაბილიტაციის, ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისა და შიდა და ტრანსსასაზღვრო ეგხ-ების მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზენტაციისას ბატონი სულხანი ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის ხელშეწყობისა და კომპანიაში ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის საკითხებსაც შეეხო.
შეხვედრის დასასრულს შედგა დიალოგი თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის, სადაც რეგიონში არსებულ პრობლემებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.