2016-02-12
ბიოგრაფიული ენციკლოპედიის „საქართველოს ენერგეტიკოსები“ წარდგინება
დღეს, 12 თებერვალს, 12:00-ზე, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში”, ბიოგრაფიული ენციკლოპედიის „საქართველოს ენერგეტიკოსები“ წარდგენა გაიმართა.
წიგნი მეცნიერების აკადემიის მიერ ენერგეტიკის სამინისტროსა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელშეწყობით გამოიცა და მასში შესულია 800-მდე გამოჩენილი მეცნიერის, სპეციალისტის, პრაქტიკოსი ინჟინრისა და ხელმძღვანელი პირის ბიოგრაფიული მონაცემები.
წიგნი საზოგადოებას წარუდგინეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ და ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ.
”თითოეული ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსი, ვისი სახელიც შესულია ამ წიგნში, არის ჩვენი ქვეყნის მშენებელი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ყველაფერი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის განვითარებისთვის. ყველა ის პროექტი, რითაც მთელი ენერგოსექტორი ამაყობს, სწორედ თქვენი დამსახურება,”- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.
“ჩვენ არ უნდა დავიშუროთ მადლიერების სიტყვები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურა ქართულ ენერგეტიკას, მონაწილეობდა მის მშენებლობაში, მისი პრესტიჟის ამაღლებაში. ამ წიგნის გამოცემა კი მადლიერების გამოხატვის ერთერთი გზაა,”- განაცხადა ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ.


