წყალტუბოს არსებული 220 კვ ქვესადგურის გაფართოება
ქვესადგური „წყალტუბო 220-ის“ გაფართოების პროექტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით, KfW-ს განვითარების ბანკის მეშვეობით 2024 წლიდან ხორციელდებოდა და მისმა ღირებულებამ 1,6 მილიონი ევრო შეადგინა.
პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს ქვესადგურში მოეწყო ახალი, 220 კვ უჯრედი, რომლის აუცილებლობაც გამოიწვია ეგხ „დერჩის“ გაორჯაჭვიანების პროექტმა. პროექტის დასრულების შემდეგ, „500 კვ ეგხ წყალტუბო-ლაჯანურის“ გამორთვის შემთხვევაში, გაორჯაჭვიანებული ეგხ „დერჩის“ მეშვეობით ქსელში შენარჩუნდება ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის შეუფერხებლად მიწოდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაძლიერდება დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება და შესაძლებელი გახდება ქვეყნის შიგნით და გარეთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის უზრუნველყოფა.
ქ/ს „წყალტუბო-220“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მდებარეობს. ქვესადგური ექსპლუატაციაში 1990 წელს შევიდა. 2009-2014 წლებში ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, შეიცვალა ყველა ელექტრომოწყობილობა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ელექტროენერგიის ძაბვის პარამეტრების ხარისხი და ქსელის საიმედოობა.
ქვესადგურის გაფართოების პროექტის მშენებლობის ეტაპი, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია BEST (თურქეთი) ახორციელებდა 2025 წლის ბოლოს დასრულდა, მზადდება დოკუმენტები ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში წარსადგენად.
აღნიშნულ პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში ახორციელებს, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ENIP წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და KfW-ს განვითარების ბანკის პარტნიორობით. პროგრამის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 270 მლნ ევროს, რომელიც მოიცავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფინანსებას KfW-ს განვითარების ბანკის მეშვეობით, EBRD-ის დაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ 9,9 მლნ ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც KfW-ს მეშვეობით გაიცემა. ENIP-ის ფარგლებში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის, გურიის, რაჭის, სვანეთისა და კახეთის რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში აშენდება და გაფართოვდება 7 ქვესადგური და 540 კმ-ზე მეტი საერთო სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები მთელი საქართველოს მასშტაბით. სსე (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) პასუხისმგებელია რამდენიმე ქვეპროექტის განხორციელებაზე, საერთაშორისო კონსულტანტების ტექნიკური დახმარებით. ENIP-ის პროგრამის განხორციელება დაიწყო 2021 წელს და მისი დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი. შედეგად, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, განავითაროს სტაბილური, საიმედო ელექტროგადამცემი სისტემა, რაც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ბიზნესის განვითარებას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს.
პროექტის დეტალები:
- საფინანსო ინსტიტუტი: გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკი (KfW)
- კონტრაქტორი: BEST (თურქეთი)
- საზედამხედველო ორგანიზაცია: Fichtner GmbH
პროექტის ღირებულება:
- პროექტის ღირებულება შეადგენს1,629,850.60 ევრო
კონტრაქტის ვადები:
- კონტრაქტის ვადა: 24.05.2024 - 25.11.2025
პროექტის გუნდი

მარიამ კუკავა
საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი
ტელ.: +995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: mariam.kukava@gse.com.ge

დავით უთმელიძე
საერთაშორისო პროექტების დაგეგმვისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი
ტელ.: +995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: david.utmelidze@gse.com.ge

ნატო შევარდენიძე
საერთაშორისო პროექტის მენეჯერი
ტელ.: +995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: nato.shevardenidze@gse.com.ge

კახა მაისაშვილი
ქვესადგურების სამსახურის უფროსი
ტელ.: +995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: kakha.maisashvili@gse.com.ge
