2022-04-18
ტრენინგები საბალანსო ბაზრის ოპერირების შესახებ 18.04.2022
საბალანსო ბაზრის ოპერატორმა ბაზრის მონაწილეებისთვის ბაზრის ფუნქციონირების შესახებ ტრენინგების ჩატარება დაიწყო, რომელის მიზანია ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეალურ ამოქმედებამდე დარჩენილი დროის შუალედი, მაქსიმალურად ეფექტიანად იქნას გამოყენებული და ბაზრის მონაწილეებს მიეცეთ მაქსიმალურად ღრმა ცოდნა და წარმოდგენა მომავალი ელექტროენერგეტიკული ბაზრის პრინციპებთან დაკავშირებით. ამასთანავე, მოხდეს ყველა პროცესის რეალურთან მიახლოებული სიმულაცია კიდევ უფრო მეტი სიზუსტით.
30 მარტს განხორციელდა პირველი თეორიული ხასიათის ტრენინგი, რომელზეც განიხილეს მომავალი ბაზრის ზოგადი კონცეფცია, პრინციპები, ასევე დაბალანსებაზე პასუხიმგებელ პირად რეგისტრაციის პროცედურული საკითხები და სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები.
ტრენინგების ჩატარება დაგეგმილია შემდეგნაირი ფორმატით: საბალანსო ბაზრის წარმომადგენლები ჩაატარებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ტრენინგებს, რომელზე დასწრება და აქტიური მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანია. თეორიული ტრენინგი ჩატარდება ყველა მსურველისთვის, პრაქტიკული კი მიზნობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც დაკომპლექტდება კომპანიის მიერ გამოყოფილი წარმომადგენლებით.
პრაქტიკული ტრენინგი იქნება სრულად დატვირთული ბაზრის მართვის პროგრამაში (MMS) შესაბამისი პროცესებისა და ფუნქციების აღწერილობითი ვიზუალიზებული ჩვენებით და პრაქტიკული მაგალითების გავლით.
პრაქტიკული ტრენინგების თემატიკა შემდეგია:
1. ნომინაციის ფაილის შექმნა, კორექტირება და ატვირთვა. ტექნიკური გეგმა-გრაფიკის (RPS) შედგენა, ატვირთვა.
2. ტრენინგი განკუთვნილია დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლებისთვის (BSP), სიმძლავრისა და ენერგიის ტენდერში სატენდერო წინადადების განთავსება.
პრაქტიკული ტრენინგის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საბალანსო ბაზრის ოპერატორს სურს წინასწარ მოახდინოს იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც კომპანიიდან ჩართული იქნება პრაქტიკულ ტრენინგში. პრაქტიკულ ტრენინგში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა გამოაგზავნოს, საბალანსო ბაზრის ოპერატორის ელექტრონულ მისამართზე infoBM@gse.com.ge-ზე კომპანიიდან გამოყოფილი წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი გვარი, ტელეფონი, ელექტრონული მისამართი). პრაქტიკული ტრენინგების დაგეგმვა მოხდება მიზნობრივ ჯგუფში არსებული წარმომადგენლების რაოდენობიდან გამომდინარე, მათთან შეთანხმებით.