წარმოშობის სერტიფიკატის შესახებ
ელექტროენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში, განახლებადი ენერგიის წახალისებისა და ბაზრის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ წარმატებით ფუნქციონირებს წარმოშობის სერტიფიკატების (Guarantees of Origin - GOs) სისტემა. სისტემა ემყარება საერთაშორისო პრაქტიკას და მისი ადმინისტრირება ხორციელდება Grexel-ის პლატფორმის მეშვეობით.
სსე წარმოადგენს სერტიფიკატების გამცემი ორგანოს AIB Hub-ის (Association of Issuing Bodies) დამკვირვებელ წევრს, რაც უზრუნველყოფს პროცესების ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან და ზრდის წარმოშობის სერტიფიკატების სანდოობასა და გამჭვირვალობას.
გარდა ამისა, ენერგეტიკული გაერთიანების მხარდაჭერით მნიშვნელოვნად წახალისდა სერტიფიკატების სისტემა. აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად უწყობს ხელს ეროვნული ენერგეტიკული ბაზრების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას და სისტემის განვითარებას, აგრეთვე წევრი სახელმწიფოების წარმოშობის სერტიფიკატების ევროკავშირის ტერიტორიაზე აღიარებას, რაც მომავალში ადგილობრივ მწარმოებლებს მისცემს ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე უფრო ფართო ინტეგრაციის და წარმოშობის სერტიფიკატების ექსპორტის შესაძლებლობას.
წარმოშობის სერტიფიკატი ეს არის ელექტრონული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ელექტროენერგია გამომუშავებულია განახლებადი წყაროებიდან ( ჰიდრო, ქარი, მზის ან სხვა). 1 მგვტ.სთ ელექტროენერგიაზე გაიცემა 1 სერტიფიკატი. სერტიფიკატები ელექტროენერგიისგან დამოუკიდებლად ბრუნავს ბაზარზე, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, დაადასტურონ „მწვანე“ მოხმარება ფიზიკური მიწოდებისგან დამოუკიდებლად. სსე, როგორც გამცემი ორგანო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბაზრის მონაწილეების აქტიურ ჩართულობას.
სერტიფიკატები გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდასაჭერად და ენერგიის მიმწოდებლებისა და მომხმარებლების მიერ განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისებისთვის.
წარმოშობის სერტიფიკატების გამოყენება კომპანიებს ეხმარება:
- დაადასტურონ „მწვანე“ ენერგიის მოხმარება;
- შეამცირონ ნახშირბადის კვალი
- შეუწყონ ხელი ქვეყნის მდგრად განვითარებას.
სერტიფიკატების რეესტრში ანგარიშის გახსნა ხორციელდება განაცხადის საფუძველზე, რომელსაც განმცხადებელი ელექტრონულად უგზავნის გადამცემი სისტემის ოპერატორს, საკონტაქტო ელ-ფოსტაზე: onise.chichinadze@gse.com.ge.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ-ფოსტა: onise.chichinadze@gse.com.ge
ტელეფონი: +995 557 500 691
