2014-04-29
„რადისონ ბლუ ივერია“-ში „ჯვარი-ხორგა“-ს პროექტს მოეწერა ხელი
2014 წლის 29 აპრილს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ს საკონფერენციო დარბაზში ენერგეტიკის მინისტრმა – კახა კალაძემ, ფინანასთა მინისტრმა – ნოდარ ხადურმა და “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემ”-ის რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” და მისი შვილობილი კომპანია „ენერგოტრანსი“, 500-220 კილოვოლტიან მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და 220 და 500 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზების მშენებლობას განახორციელებენ. სამშენებლო სამუშაოებს ქვესადგურის კუთხით განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული პორტუგალიური კომპანია EFACEC, ხოლო გამდამცემი ხაზის მშენებლობას – ინდური ფირმა Jyoti construction-ი.
პროექტის მიზანს წარმოადგენს: 220 კილოვოლტიანი ქსელის იმედიანობის გაზრდა და დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია; ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლება და გაზაფხულის წყალმეტობის პერიოდში საექსპორტო ელექტროენერგიის სიმძლავრეების უზრუნველყოფა; ელექტროგადამცემი ხაზით „კავკასიონი“ გადასაცემ და მისაღებ სიმძლავრეებზე სრული კონტროლის უზრუნველყოფა და მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობის და სტაბილურობის გაზრდა.
პროექტის განხორციელებით შეიქმნება მოქნილი და მომგებიანი ენერგოგაცვლის ქსელი დასავლეთ საქართველოში, საგრძნობლად გაუმჯობესდება საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედობა. და, რაც მთავარია, ინვესტორებისთვის მომხიბვლელი გახდება ენგურის ხეობაში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების ინვესტირების საკითხი.
პროქტის საერთო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ. ევროს შეადგენს და დააფინანსებენ: გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (KfW); ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი EBRD და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმი (NIF). პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება.