ახალი ამბები

2014-12-29 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

2014 წლის 26 დეკემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში, წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რეგიონალური ქსელის მენეჯერები, კომპანიის მმართველი გუნდი და სსე-ის თანამშრომლები დაესწრნენ.

1513672_338621586324724_1036946999056488696_n-300x200.jpg

შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა სულხან ზუმბურიძემ. თავის პრეზენტაციაში რეაბილიტაციის მმართველმა არსებული ქსელის რეაბილიტაციის, ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისა და შიდა და ტრანსსასაზღვრო ე.გ.ხ-ების მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიუწოდებელი ელექტროენერგია სსე-ის მიზეზით 2013-2014 წლებში 60%-ით შემცირდა.

საქართველომ დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი, გაჩნდა სსე-ის და სხვა ლიცენზიანტების გადამცემ ქსელში დანაკარგების გამიჯნულად დაანგარიშების შესაძლებლობა, განისაზღვრა ახალციხე-ბორჩხას 400 კვ.იანი ხაზის გამტარუნარიანობის და ალოკაციის აუქციონების ორგანიზების წესები. გარდა ამისა, სსე-მ შეიძინა გადაცემის სისტემის ოპერატორის (TSO) სტატუსი, მომზადდა ელექტროგადამცემი ქსელის 10 წლიანი განვითარების გეგმა, დაინერგა ხარისხის მართვის სისტემა. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თქმით, სსე-მ მიიღო მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ISO 9001:2008 სერტიფიკატი.

ჩატარდა ტრენინგები სსე-ის თანამშრომელთა მმართველობითი, ტექნიკური და სოციალური უნარების გასავითარებლად, დაიწყო სტუდენტთა სტაჟირების/გადამზადების პროგრამა. საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით, განხორციელდა SCADA-ს სერვერების გაძლიერების პროექტი, ჰიდროელექტროსადგურებიდან წყლის დონის გაზომვების ცენტრალურ სადისპეტჩეროში ასახვის პროექტი, შეიქმნა კონტრაქტების რეგისტრაციის ელექტრონული ბაზა. გარდა ამისა, კომპანიაში წარმატებით განხორციელდა მართვის და დაცვის მოწყობილობების შეცვლა, ძალოვანი ტრანსფორმატორების რემონტი და ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია.

10887543_338606292992920_1159032297526691793_o-202x300.jpg

წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა ფილმი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ.

10888850_338621266324756_6261772340924525184_n-300x200.jpg

გაიმართა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა პორტალზე ჩატარებული წამახალისებელ-ინტელექტუალური კონკურსის „რა? სად? როდის?“ გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიალი. რეაბილიტაციის მმართველმა საფინანსო სამსახურის სპეციალისტს გიორგი მეგრელიშვილს „ელიტ–ელექტრონიქსის“ 1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა.

შეხვედრის დასასრულს, რეაბილიტაციის მმართველმა სსე-ის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებული და ბედნიერი წელი უსურვა.

კომუნიკაცია