2023-11-02
პირველი სამუშაო შეხვედრა 110 კვ სტორი ჰესი-ახალი თელავის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის თაობაზე ENIP-ის ფარგლებში
2023 წლის 25 ოქტომბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა სსე-ის, კონტრაქტორი კომპანია Mitas Energy and Metal Construction Inc-ის და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის Fichtner GmbH წარმომადგენლებს შორის, „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი - ახალი თელავის“ მშენებლობისა და 110 კვ ეგხ „იყალთოს“ ქვესადგურში „ახალი თელავი“ შეჭრის პროექტების განხილვა. ამ პროექტის საკონტრაქტო ღირებულების დაფინანსებას, რომელიც შეადგენს 12,5 მილიონ ევროს, უზრუნველყოფს KfW განვითარების ბანკი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სახელით.
სსე-ის და Mitas Energy-ს წარმომადგენლებმა, საერთაშორისო კონსულტანტთან ერთად, განიხილეს პროექტის შემდეგი ეტაპებისთვის და 2026 წლის იანვარში პროექტის დროულად დასრულებისთვის საჭირო დეტალები. ისაუბრეს კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე, რაც მკვეთრად გაზრდის ელექტროგადამცემი ქსელის სტაბილურობას და გააუმჯობესებს აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროენერგეტიკულ გამტარუნარიანობას.
პროექტი განხორციელდება „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში. ENIP წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც ხორციელდება KfW-ის განვითარების ბანკის და EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით, კერძოდ, იმერეთის, გურიის, რაჭის, სვანეთისა და კახეთის რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში აშენდება და გაფართოვდება 5 ქვესადგური და 561 კმ-ზე მეტი საერთო სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი.