2015-12-29
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
2015 წლის 25 დეკემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში, წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რეგიონალური ქსელის მენეჯერები, კომპანიის მმართველი გუნდი და სსე-ის თანამშრომლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა სულხან ზუმბურიძემ. მისი თქმით, 2015 წელს განხორციელდა სსე-ისკუთვნილი ყველა ძირითადი ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა ქვესადგურები, გარემონტდა ყველა ძირითადი ავტოტრანსფორმატორი, ძალოვანი ტრანსფორმატორები აღიჭურვა უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული, ძაბვის ქვეშ ტვირთის რეგულირების (რპნ) მოწყობილობებით, რითიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის ხარისხი. არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. აქტიურად მიმდინარეობდა საერთაშორისო პროექტები. გარდა ამისა, კომპანიაში წარმატებით დაინერგა ხარისხის მართვის სისტემა, სსე-ამ შეიმუშავა განვითარების ათწლიანი გეგმა, დამტკიცდა გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, სადაც ინფრასტრუქტურის განვითარება და სამომავლო პროექტები წლების მიხედვით არის გაწერილი.
„ჩვენ ვპასუხობთ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს და ვაშენებთ ახალ, ძველისგან რადიკალურად განსხვავებულ სისტემას. ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ენერგეტიკული სატრანზიტო კვანძი მთელ რეგიონში და ამ მიმართულებით უკვე სერიოზული ნაბიჯები გადავდგით. მინდა, მადლობა გადავუხადო სსე-ის ყველა თანამშრომელს, რომელიც ამ პროექტების განხორციელებაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.“ – განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.
წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა ფილმი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, რეაბილიტაციის მმართველმა სსე-ის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებული და ბედნიერი წელი უსურვა.


