2016-05-10
კომპანია IPS-ის დელეგაციის ვიზიტი სსე-ში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში კომპანიის მენეჯმენტისა და გერმანული კომპანია IPS-ის ერთობლივი სამუშაო შეხვედრები იმართება. სტუმრების მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობს კომპანია IPS-ის პრეზიდენტი დოქტორი ზელიკო შრაინერი.
გერმანული კომპანია IPS-ის დახმარებით სსე-ში ხორციელდება WAM-ის (Work & Assets Management) პროგრამის დანერგვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით სსე პირველი ენერგოკომპანია იქნება, სადაც აღნიშნული პროგრამა დაინერგება.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ის კონკრეტული საკითხები, რომლებიც პროგრამის შესამუშავებლად და დასანერგად არის საჭირო. ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-მ განახორციელა მასშტაბური პროექტი, რომელიც სსე-ის კუთვნილი ყველა ძირითადი ქვესადგურის რეაბილიტაციას გულისხმობდა. პროექტი წარმატებით დასრულდა და 6 კვ-დან დაწყებული 500- კვ-მდე ყველა მოწყობილობა განახლებულია. სწორედ ამ პროექტის შემდგომ ეტაპს წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, რომელიც რეაბილიტირებული მოწყობილობების პროგრამულ მართვას გულისხმობს. პროგრამა ავტომატურად გეგმავს და განსაზღვრავს კონკრეტულ სამუშაოებს, სამუშაოების მოცულობასა და პერიოდულობას, რაც კიდევ უფრო მოქნილსა და საიმედოს გახდის ქსელის მუშაობასა და მდგრადობას. მისი განხორციელების შედეგად მოხდება დროის, ადამიანური რესურსებისა და ხარჯების ოპტიმიზაცია. აღნიშნული პროცესები წინასწარ იქნება დაგეგმილი და აქტივებთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია ერთად იქნება თავმოყრილი და ავტომატიზირებული.
WAM -ის პროექტის განხორციელება ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში 2016 წლის იანვარში დაიწყო და მისი სასტარტო ვერსიის გაშვება 2016 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
