2014-06-24
ელექტროგადამცემ ხაზზე „პალიასტომი-1-2“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობა განისაზღვრა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში გასული ზამთრის პერიოდში სტიქიის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების მოკვლევითი სამუშაოები დასრულდა. ელექტროგადამცემი ხაზის „პალიასტომი-1-2“ ანძებზე განისაზღვრა სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობა. სარეაბილიტაციო უბანზე ხაზის სიგრძე 70-80-კმ-ს შეადგენს. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. შეიქმნა რეგიონალურ პრინციპზე დაფუძნებული ელექტროგადამცემი ხაზების (დასავლეთი-აღმოსავლეთი) რეაბილიტაციის ჯგუფი. უკვე გამოცხადებულია ვაკანსიები თანამშრომლების ასაყვანად დასავლეთის ჯგუფში. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მასალების მოძიება, რომ „პალიასტომი 1-2“-ზე რეაბილიტაციის პროცესი ზამთრის სეზონამდე დასრულდეს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ეს იქნება ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რასაც კიდევ უფრო ართულებს აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის რთული გეოგრაფიული მდებარეობა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ანძების რეაბილიტაციას კომპანია საკუთარი რესურსით გეგმავს.